კოალიციაში გაწევრიანების წესები

კოალიციაში გაწევრიანების წესები

კოალიციაში გაწევრიანების წინაპირობა

კოალიციის საქმიანობის მიზნები და ძირითადი მიმართულებები

ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის ბავშვის განვითარების და ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების:

  • უფლებების ადვოკატირება; 

  • განვითარების საჭიროებების გამოვლენა, შესაბამისი სერვისების შექმნა და არსებულის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

  • საზოგადოების ინფორმირების ამაღლება ბავშვის განვითარებისა და ადრეული ინტერვენციის მნიშვნელობის შესახებ;

  • საგანმანათლებლო, სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამების განვითარებისა და რეფერირების ხელშეწყობა;

  • ადრეული ინტერვენციის სპეციალისტთა პროფესიული სტანდარტების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და დანერგვა;

  • ადრეული ინტერვენციის და სხვა შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ქვეყნის ცენტრიდან მოშორებულ და მაღალმთიან რაიონებში;

  • ადრეული ინტერვენციის და ბავშვთა განვითარების სფეროში კვლევების წარმოება;

  • ადრეული ინტერვენციის და ბავშვთა განვითარების სფეროში საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობა;

  • ადრეული ინტერვენციის ეროვნული სისტემის შექმნის, განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

  • ყველა სხვა საქმიანობა, რომელიც კანონით არ არის აკრძალული.


წევრობის და ასოცირებული წევრობის წინაპირობები

კოალიციის წევრი ან ასოცირებული წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია რომელიც არის: ბავშვთა ადრეული ინტერვენციის მიმწოდებელი, მშობელთა  ასოციაცია, ფედერაცია, პროფესიული ინსტიტუტი, პროფესიული ასოციაცია, აკადემიური ინსტიტუტი/სასწავლებელი, მედია საშუალება, რომელიც მხარს უჭერს და იზიარებს კოალიციის მიზნებს და ამოცანებს. კოალიციის წევრი შეიძლება იყოს საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაცია რომელიც იზიარებს კოალიციის საერთო მიზნებს, მიმართულებებს, გამოხატავს მზაობას კოალიციის სხვა წევრებთან თანამშრომლობაზე კოალიციის საერთო მიზნების მისაღწევად, აქვს გამოხატული ინტერესი ან/და სათანადო გამოცდილება ადრეული ასაკის ბავშვთა და მათი ოჯახების ჯანმრთელობის, უფლებების, განათლებისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მუშაობის,  ბავშვთა ადრეული ინტერვენციის, განვითარებისა და განათლების მომსახურების განხორციელების,  ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და განვითარების  სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისა და პროფესიონალების მომზადების საკითხებში; იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა და მიზნები არ არის დისკრიმინაციული საზოგადოების არც ერთი ჯგუფის მიმართ (მათ შორის რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური, სექსუალური და ა. შ.). 

კოალიციის წევრი შეიძლება იყოს იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია, კოალიციის საქმიანობის მიზნებისა და ძირითადი მიმართულებების შესაბამისი საქმიანობის, მინიმუმ, 3 (სამ) წლიანი გამოცდილება; კოალიციის ასოცირებული წევრი კი, შეიძლება იყოს იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია, კოალიციის საქმიანობის მიზნებისა და ძირითადი მიმართულებების შესაბამისი სერვისების განხორციელების სულ მცირე 6 (ექვს) თვიანი გამოცდილება.



წევრობის და ასოცირებული წევრობის მიღების წესები

კოალიცია ღიაა ახალი წევრებისთვის. დაინტერესებულმა ორგანიზაციამ, რომელსაც სურს კოალიციის წევრობა ან ასოცირებული წევრობა, განცხადებით უნდა მიმართოს მმართველ კომიტეტს.  მმართველი კომიტეტი განიხილავს გაწევრიანებაზე განაცხადებს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს კოალიციის სულ მცირე 2 (ორი) დამფუძვნებელი წევრის დასაბუთებული რეკომენდაცია და იღებს გადაწყვეტილებას დაინტერესებული ორგანიზაციის კოალიციის წევრ ან ასოცირებულ წევრად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ორგანიზაცია კოალიციაში  წევრ ან ასოცირებულ წევრად მიღებულად ითვლება თუ მის განაცხადს მხარს დაუჭერს მმართველი კომიტეტის წევრთა უბრალო უმრავლესობა. 

იხილეთ კოალიციაში გაწევრიანების მსურველი ორგანიზაციების რეგისტრაციის ფორმა