Code of Conduct
კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის (კოალიცია)
ორგანიზაციული ეთიკის კოდექსი
1. კოალიციის ეთიკის კოდექსის (შემგომში კოდექსი) ძირითადი პრინციპები
კოდექსი ეყრდნობა სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობის, ბავშვის, ოჯახის, კოალიციის წევრი ორგანიზაციების, პარტნიორი და სამთავრობო უწყების წარმომადგენლების, ბავშვთა ადრეული განვითარების სფეროში მოღვაწე დაინტერესებული მხარეების პატივისცემისა და პირადი პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს და გულისხმობს:
-
ნებისმიერი სახით დისკრიმინაციის დაუშვებლობის აღიარებას;
-
საქართველოს კონსტუტუციით გარანტირებული და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის/ბავშვის უფლებების და თავისუფლებების აღიარებასა და დაცვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულებას;
-
პროფესიული კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვას;
-
განსაკუთრებული საჭიროების ან განვითარების შეფერხების რისკის მქონე 0-7 წლამდე ასაკის ბავშვის, მისი ოჯახის საჭიროებების იდენტიფიცირებას; ბავშვის პოტენციალის გამოვლენას და თვით-რეალიზების ხელშეწყობას;
-
ბენეფიციარებისთვის ადრეული განვითარების მაღალი ხარისხის სერვისის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ეროვნულ დონეზე;
-
ადრეული განვითარების სპეციალისტების პროფესიულ მხარდაჭერას და მათი უფლებების დაცვის ადვოკატირებას;
-
კოალიციის და მისი თითოეული წევრი ორგანიზაციის ინტერესების, ინტელექტუალური საკუთრების და საავტორო უფლებების დაცვას;
-
ურთიერთპატივისცემის, კეთილსინდისიერების, ნდობის, სამართლიანობის და პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარებას;
-
საქმიანობის სამართლიანობის, საჯაროობის და ობიექტურობის პრინციპების აღიარებას და დაცვას;
-
„ზიანის მიუყენებლობის“ პრინციპის დაცვას.
2. ბავშვთა ადრეული განვითარების სისტემის ხელშეწყობის ძირითადი პრინციპები
კოდექსი ეფუძნება ბავშვთა ადრეული განვითარების სისტემის ხელშეწყობის შემდგომ სახელმძღვანელო პრინციპებს:
-
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობა, არის ბავშვის/ადამიანის უფლება;
-
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მომსახურება ყოველთვის უნდა იყოს ბავშვზე ფოკუსირებული და ოჯახის მხარდამჭერი;
-
ყველა ბავშვი უნიკალურია და სხვადასხვანაირად ვითარდება. ამიტომ მომსახურება უნდა იყოს ინდივიდზე მორგებული და იმ ინტენსივობის, რაც საჭიროა თითოეული ბავშვისა და ოჯახისთვის;
-
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა უნდა იყოს კოორდინირებული, ინტერ ან ტრანსდისციპლინური, ინტეგრირებული, მულტისექტორული, კულტურულად ადაპტირებული და სამართლიანი;
-
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მომსახურება ჩატარდება მშობლებთან და/ან ბავშვის კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად ბუნებრივ გარემოში, რაც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ბავშვის განვითარებას და თანმიმდევრულ ზრუნვას ბუნებრივ გარემოში. შემდგომ ეტაპზე კი, ოჯახის მიერ შერჩეულ ზრუნვისა და განვითარების ცენტრებში ან/და საბავშვო ბაღებში;
-
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მომსახურების განმარტებისას, „ოჯახი“ გულისხმობს მშობლებს, ნათესავებს, კანონიერ წარმომადგენლებს და სხვა ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ერთ სახლში და ზრუნავენ ბავშვზე;
-
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მომსახურება ემყარება თითოეული ოჯახის, მისი კულტურის თავისებურებების, ენის, ღირებულებების, დამოკიდებულებების, ეკონომიკური სტატუსის და პრობლემებთან გამკლავების გზების პატივისცემას;
-
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის დროს ხდება მშობლების გაძლიერება, რათა თავად გაუძღვენ შვილების განვითარების პროცესს და მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მომსახურებასთან დაკავშირებით;
-
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის წარმატებული მომსახურება გულისხმობს პარტნიორობას მშობლებსა და სპეციალისტებს შორის, შეფასების, ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური გეგმის (ბოიგ) მომზადების, განხორციელებისა და გადასინჯვის პროცესში;
-
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ეხმარება მშობლებსა და ბავშვებს მოემზადონ ამ პროგრამის დასრულებასა და/ან სხვა პროგრამაში გადასვლაში, სადაც შესაბამისი ასაკის სხვა ტიპური განვითარების მქონე ბავშვები არიან;
-
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა სტრუქტურირებული და კოორდინირებული სისტემაა, რომელიც სხვა მომსახურებებთან/პროგრამებთან ერთად, სამთავრობო და აღმასრულებელ დონეებზე უზრუნველყოფს ბავშვზე ფოკუსირებული და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების სტაბილურობას;
-
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ხელს უწყობს ბავშვების ინკლუზიას ყველა ტიპის საგანმანათლებლო და სოციალურ გარემოში.
2.1 ბავშვთა ადრეული ინტერვენციის/განვითარების ხელშეწყობის პროგრამის საერთაშორისო პრინციპები
კოდექსი, ბავშვთა ადრეული განვითარების სისტემის განვითარების პროცესში ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის მიხედვით:
-
ადრეული ასაკის ბავშვები ყველაზე კარგად მათთვის ნაცნობ ადამიანებთან, ბუნებრივ გარემოში ყოველდღიური აქტივობებისა და ინტერაქციის მეშვეობით სწავლობენ;
-
ყველა ოჯახს, შესაბამისი მხარდაჭერისა და რესურსების ქონის შემთხვევაში, შეუძლია გააუმჯობესოს საკუთარი შვილების სწავლის ხარისხი და მათი განვითარების დონე;
-
მომსახურების მიმწოდებლის უპირველესი და უმთავრესი როლი ადრეულ განვითარებაში არის ბავშვის ოჯახის წევრებთან და ძირითად აღმზრდელთან ერთად მუშაობა და მათი მხარდაჭერა;
-
ადრეული განვითარების პროცესი, დასაწყისი ეტაპიდან ტრანზიციამდე, უნდა იყოს დინამიური და ინდივიდუალური, რათა შეესაბამებოდეს ბავშვისა და ოჯახების უპირატესობებს, სწავლის სტილს და მათ კულტურას;
-
ოჯახის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედეგები უნდა იყოს ფუნქციური, და ეფუძნებოდეს ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებებსა და პრიორიტეტებს;
-
ოჯახის პრიორიტეტები, საჭიროებები და ინტერესები ყველაზე სწორად და შესაბამისად არის წარმოდგენილი ძირითადი პროვაიდერის (ძირითადი განვითარების სპეციალისტის) მიერ, რომელსაც გააჩნია გუნდისა და საზოგადოების მხარდაჭერა;
-
ადრეული ასაკის ბავშვებსა და ოჯახის წევრებთან მუშაობა უნდა დაეფუძნოს მკაფიო პრინციპებს, მტკიცებულებებს, კვლევებს, შესაბამის კანონებსა და რეგულაციებს.
3. პროფესიული საქმიანობის ეთიკის სტანდარტი
კოალიცია პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით აღიარებს, რომ ადრეული განვითარების პროგრამის განმახორციელებელსა და ბავშვს/ოჯახს შორის ურთიერთობები ეფუძნება თანამშრომლობის, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის და გამჭვირვალეობის პრინციპებს, დაუშვებელია:
-
ბავშვთან/ოჯახთან ისეთი ურთიერთობების დამყარება/დამყარების მცდელობა, რომელიც სცდება ბავშვის/ოჯახის საჭიროებებს და პროგრამით გათვალისიწინებულ ჩარჩოებს;
-
ბავშვისგან/ოჯახისგან პირდაპირი ან ირიბი გზით ნებისმიერი ფინანსური ან მატერიალური სარგებლის ან/და მომსახურების მიღება ან/და ასეთი საჩუქრის/მომსახურების პირდაპირი ან ირიბი მოთხოვნა;
-
ბავშვისთვის/ოჯახისთვის მომსახურების არათანაბარი/არასათნადო მიწოდება; რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია, ოჯახის ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ კულტურული თავისებურებების უპატივცემულობა; ოჯახის დღის რუტინის გაუთვალისწინებლობა მომსახურების დაგეგმვაში;
-
მომსახურების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში პროფესიული უპირატესობის გამოყენება; ბავშვთან დაკავშირებით, ოჯახთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
კოალიციის წევრებმა უნდა:
-
ხელი შეუწყონ ბავშვთა ადრეული განვითარების სისტემაში ბენეფიციარების თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობას და მაღალ-ხარისხიანი სერვისის მიწოდებას;
-
შეაფასონ ბავშვის უნარები/პოტენციალი კეთილსინდისიერად და სამართლიანად, გამოიყენონ შეფასების დამტკიცებული სახელმწიფო კრიტერიუმები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო პროგრამით კონკრეტული კომპონენტისთვის;
-
რეაგირება მოახდინონ დარღვევის ისეთ ფაქტებზე, როგორიცაა ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისის სახელმწიფო სტანდარტის და საერთაშორისო პრინციპების შეუსაბამო მიწოდება; ბავშვთა ადრეული პროგრამის სტანდარტების შესაბამისად სერვისის განხორციელების მიზნით, მონიტორინგი გაუწიონ წევრი ორგანიზაციების საქმიანობას;
-
ოჯახში ძალადობის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესის და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების (საქართველოს მთავრობის დადგენილება#437) შესაბამისად უნდა იმოქმედონ; საჭიროების შემთხვევაში სახალხო დამცველის ოფისთან უნდა ითანამშრომლონ;
-
დაიცვან ბავშვის/ოჯახის პერსონალური მონაცემების და პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
-
ბავშვთა ადრეული განვითარების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების საფუძველზე, მოამზადონ ადრეული განვითარების სპეციალისტები, ხელი შეუწყონ მათ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და პროფესიული სუპერვიზიის მიღებას;
-
მოახდინონ სერვისში ჩართული მხარეების (ბავშვის, მშობლების, დედ-მამიშვილების და სპეციალისტების) უფლებების ადვოკატირება;
-
შექმნან სპეციალური საგანმანათლებლო/კვლევითი/პროფესიული რესურსები სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირებისთვის;
-
ხელი შეუწყონ ბავშთა განვითარების სახელმწიფო პროგრამის დახვეწას და დანერგვას ეროვნულ დონეზე;
-
კეთილსინდისიერად ითანამშრომლონ სამთავრობო, არასამთავრობო სექტორის, დონორ, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სფეროს განვითარების მიმართულებით;
-
მოახდინონ ცოდნის და ექსპერტიზის გაზიარება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.