სპეციალისტებისთვის
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობა
ინფორმაცია ექიმებისთვის
2007 წლიდან საქართველოში არსებობს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო ქვეპროგრამა, რომელიც ემსახურება 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მათ ოჯახებს. ის იყენებს საერთაშორისოდ აღიარებულ ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მოდელს, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ ბავშვის განვითარებას, არამედ ეხმარება მშობლებს, ბავშვზე მზრუნველებს და ოჯახს, რომ გაიუმჯობესონ ბავშვისთვის ახალი უნარების სწავლების ბუნებრივი შესაძლებლობები.
ოჯახები განსაკუთრებით ენდობიან ექიმებს, ითვალისწინებენ მათ რჩევებს ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ. ამიტომ, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობისთვის განსაკუთრებით ღირებულია პედიატრებთან, ბავშვთა ნევროლოგებთან, ბავშვთა ფსიქიატრებთან, ოჯახის ექიმებთან ან ბავშვთა მომსახურებაში ჩართულ სხვა დისციპლინის ექიმებთან პარტნიორული ურთიერთობა.
თქვენ, როგორც ექიმი, ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად ხვდებით ბავშვებს, რომლებიც ტიპურად არ ვითარდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მიმზიდველი სარეკლამო კამპანიები, ამა თუ იმ „ტვინის მკვებავ“ მედიკამენტს ხშირად მიაწერენ ჯადოსნურ თვისებებს, მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინა, ბავშვის განვითარების გასაუმჯობესებლად, მედიკამენტური მკურნალობის გამოყენებას არ უწევს რეკომენდაციას. მაშინ, რა უნდა ვქნათ?
როგორ უნდა დაეხმაროთ ბავშვს და რა უნდა შესთავაზოთ ოჯახს?
ასეთ დროს, საუკეთესო „მკურნალობის“ მეთოდი არის ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო ქვეპროგრამაში რეფერალი. რეკომენდებულია, რომ მანამდეც კი, სანამ დაზუსტებით გეცოდინებათ ეტიოლოგია - თუ რამ გამოიწვია ბავშვის განვითარების შეფერხება - ბავშვი და მისი ოჯახი ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო ქვეპროგრამაში გადაამისამართოთ. ეს რეკომენდაცია მოცემულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მიერ დამტკიცებულ პროტოკოლში „ბავშვის ნეიროგანვითარებაზე ზედამხედველობა და სკრინინგი“. განვითარების შეფერხების მიზეზისა და ძირითადი დიაგნოზის დაზუსტება რეფერალის შემდეგაცაა შესაძლებელი .
აქ მოცემულია ყველა ის ინფორმაცია, რაც დაგეხმარებათ განვითარების პრობლემების მქონე პატარა პაციენტებისთვის შესაბამისი დახმარების შერჩევაში.
რა სარგებლობა მოაქვს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამას ბავშვისა და ოჯახისთვის?
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იყენებს მტკიცებულებებსა და კვლევებზე დაფუძნებულ პრაქტიკას.
ბავშვები სწავლობენ მისთვის მნიშვნელოვან და საყვარელ ადამიანებთან (მშობლებთან) ხშირი ურთიერთობით, იმ ადამიანებთან კონტაქტით, ვისაც ენდობიან.
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის მომსახურება ეხმარება ბავშვის განვითარებას და ამავე დროს აძლიერებს მშობელს, რომ მან უკეთ იზრუნოს შვილის ზრდა-განვითარებაზე. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზით ბავშვის განვითარებას და სწავლებას საფრთხე ექმნება, ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ეხმარება მშობლებს, მოერგონ არსებულ მდგომარეობას, დაეხმარონ საკუთარ შვილს პოტენციალის სრულად გამოვლენასა და განვითარებაში.
ბავშვები სწავლობენ გამოცდილებით და მრავალჯერადი გამეორებით. ადრეული განვითარების სერვისი ასწავლის მშობელს, როგორ გააუმჯობესოს ბავშვის უნარები კოგნიტური, ენობრივი, მოტორული და სოციალურ-ემოციური მიმართულებით. მაგალითად, გამოიყენოს:
-
თითებით ჭამის სწავლება - ნატიფი მოტორიკის გასავითარებლად;
-
ძილის წინ, ზღაპრის მოყოლისას, პერსონაჟების გახმოვანება ან სიტყვების გამეორება - სამეტყველო და კოგნიტური უნარის გასავითარებლად;
-
ბურთის გაგორებ-გამოგორება - სოციალური უნარის გასავითარებლად;
-
ჩაჭიდება და ავეჯზე დაყრდნობით წამოდგომა ან ნაბიჯის გადადგმა - მსხვილი მოტორიკის გასავითარებლად.
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა სრულად ინდივიდუალიზებულია და კონკრეტული ბავშვის საჭიროებებზე და მისი ოჯახის მოთხოვნებზეა მორგებული.
მას ახორციელებს სპეციალურად მომზადებული ადრეული განვითარების სპეციალისტი, ტრანსდისციპლინურ ან მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად.
რით განსხვავდება ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ბავშვთა სხვა სერვისებისგან?
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს (იხ. ქვემოთ), რითაც აიხსნება მისი განსაკუთრებულობა და ეფექტურობა როგორც ბავშვისთვის, ასევე ოჯახისთვის.
ოჯახზე ცენტრირებული ბავშვის ადრეული განვითარების ხელშეწყობის მოდელი
ადრეული განვითარების ტრანსდისციპლინური/მულტიდისციპლინური გუნდი იყენებს ბავშვის განვითარების ერთიან, ჰოლისტურ მიდგომას და მისი საბოლოო მიზანია ბავშვის დამოუკიდებელი ფუნქციურების ხელშეწწყობა
სერვისის მიწოდება ხდება იმ ბუნებრივ გარემოში, რომელსაც ოჯახი ირჩევს და მიიჩნევს, რომ ბავშვი ყველაზე დიდ დროს ატარებს. მასალად კი გამოიყენება ყველა ის ნივთი, რაც ბუნებრივად არის ამ გარემოში.
სერვისის მიწოდების ფოკუსი არის მშობლების სწავლება (ქოუჩინგი), რომ მათ ბავშვის განვითარების მასტიმულირებელი ტექნიკები გამოიყენონ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ვინ შეიძლება ჩაერთოს ადრეული განვითარების სერვისში?
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ანუ ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოში მცხოვრები დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვი (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომელსაც აქვს ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარების და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია ფორმა №IV-100/ა-ში მითითებული ICD-10-ის დიაგნოზით.
რა შემთხვევაში შეიძლება მოხვდეს ბავშვი ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისში?
თუ მშობელი ეჭვს მიიტანს და მოგმართავთ ან თქვენ მიიტანთ ეჭვს ბავშვის განვითარების შეფერხებაზე და შემდეგ, ბავშვზე დაკვირვებით და/ან სკრინინგული შეფასებით, აღმოაჩენთ განვითარების ერთი ან რამდენიმე სფეროს შეფერხება/ჩამორჩენას და დაუდგენთ ICD-10-ის ერთ-ერთ იმ დიაგნოზს, რომელიც ჩამოთვლილია დანართში, ის უნდა გადაამისამართოთ ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისში.
მაგალითად, თქვენ შეიძლება დაუდგინოთ დიაგნოზი: R62.0 - განვითარების ეტაპების დაყოვნება ისე, რომ არ გქონდეთ დაზუსტებული მისი მიზეზი. როდესაც განვითარების ეტაპების დაყოვნება სხვა რომელიმე დიაგნოზის თანმხლები მდგომარეობაა, ბავშვი შეიძლება გადამისამართდეს ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისში და ამის შემდეგ განაგრძოთ ეტიოლოგიის დაზუსტება.
შემდგომში აუცილებელია დაზუსტდეს დიაგნოზი, რომელიც მიეწოდება მშობელს და მშობელი მიაწვდის ადრეული განვითარების ხელშეწყობის მომსახურებას, რათა მოხდეს, შესაბამისი უწყების (სოციალური მომსახურების სააგენტოს) ინფორმირება, ასევე, ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის დაზუსტება და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინება სრულყოფილი მომსახურების მიწოდების მიზნით.
როგორ გადავამისამართო ბავშვი ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისში?
აუცილებელია, გასცეთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, იგივე ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი (მაგ.: R62.0 - განვითარების ეტაპების დაყოვნება) და რეკომენდებული მკურნალობის გრაფაში ჩაწეროთ - აუცილებელია ბავშვის ჩართვა ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში.
თქვენ შეიძლება დაუდგინოთ დიაგნოზი: R62.0 - განვითარების ეტაპების დაყოვნება ისე, რომ არ გქონდეთ დაზუსტებული მისი მიზეზი. როდესაც განვითარების ეტაპების დაყოვნება სხვა რომელიმე დიაგნოზის თანმხლები მდგომარეობაა, ბავშვი პირველ რიგშიგადაამისამართეთ ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისში და ამის შემდეგ განაგრძოთ კვლევა ეტიოლოგიის დასადგენად.
გადამისამართების შემდეგ კი დააზუსტეთ დიაგნოზი, რა არის ის ძირითადი დაავადება ან მდგომარეობა, რამაც გამოიწვია განვითარების ეტაპების დაყოვნება (მაგ.: ცერებრული დამბლა, მეტაბოლური დარღვევა, ბავშვთა აუტიზმი ან სხვა). მიაწოდეთ დაზუსტებული დიაგნოზი როგორც მშობელს, ასევე ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას, რომლებიც ამ ინფორმაციას მიაწვდიან სოციალური მომსახურების სააგენტოს. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგრამის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შექმნილი ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის დაზუსტებისას ბავშვის სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა, მშობელს წინასწარ განუმარტოთ, რატომ ამისამართებთ მათ ადრეული განვითარების სერვისში - ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში.
რა საჭიროა ფორმა №IV-100/ა?
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ანუ ფორმა №IV-100/ა არის ერთ-ერთი აუცილებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს სერვისის მისაღებად.
რა უნდა გააკეთოს ბავშვის მშობელმა სერვისის მისაღებად?
ადრეული განვითარების ხელშეწყობის მომსახურების მისაღებად, ბავშვის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა/მინდობით აღმზრდელმა განცხადებით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ფაქტობრივი საცხოვრებები ადგილის მიხედვით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
1. ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
- კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი,
- მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;
2. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
3. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა).
როგორი რიგითობით ხდება მომსახურებაში ჩართვა?
სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი შეისწავლის მშობლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და ყველა საჭირო დოკუმენტის მიღების შემდეგ, დაარეგისტრირებს ბენეფიციარს მომსახურების მიღების მსურველთა რეესტრში.
სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს განცხადებების რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:
-
ბავშვები, რომელთა მომსახურებაში ჩართვის თაობაზე განცხადებები სააგენტოში შემოსულია 2 წელზე მეტი ხნის წინ;
-
რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;
-
მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ადრეული განვითარების ხელშეწყობის მომსახურების მიწოდება;
-
ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);
-
ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 3 წელს;
-
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;
-
განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით;
როგორ დავეხმარო მშობლებს ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღებაში?
მიაწოდეთ ინფორმაცია ოჯახს იმის შესახებ, თუ რა საყურადღებო ნიშნები დაინახეთ ბავშვის განვითარებაში.
აუხსენით, რომ:
-
რაც უფრო ადრეულ ასაკში ჩაერთვება ბავშვი პროგრამაში, მით მაღალია კეთილსაიმედო გამოსავლის, განვითარების შეფერხების ან დარღვევით გამოწვეული შესაძლებლობების შეზღუდვის შემცირების შანსი;
-
სერვისი ემსახურება ნებისმიერი შემოსავლის მქონე ოჯახებს;
-
მომსახურებას მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებით;
-
ადრეული განვითარების სპეციალისტთა გუნდი ოჯახს დაეხმარება სხვა საჭირო სერვისების, მათ შორის სკოლამდელი ან ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურების მოძიებასა და მიღებაში;
-
ამასთანავე განუმარტეთ, რომ სერვისში ჩართვა ნებაყოფლობითია.
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ძირითადი პრინციპები
-
ყველა ბავშვი უნიკალურია და სხვადასხვანაირად ვითარდება. ამიტომ ბავშვის ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამით განსაზღვრული ყველა მომსახურება თითოეულ ბენეფიციარზეა მორგებულია და იმ ინტენსივობით მიეწოდება, რაც ესაჭიროება თითოეულ ბავშვს/ოჯახს, თუმცა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი მომსახურების რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სოციალური პროგრამით (თვეში 8 სეანსი);
-
ბავშვის ადრეული განვითარების ხელშეწყობის მომსახურება ტარდება მშობლებთან (მათ შორის მინდობით აღმზრდელ მშობლებთან) ერთად ბუნებრივ გარემოში, რაც მაქსიმალურად ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას; ასევე შესაძლებელია მომსახურების მიწოდება ოჯახთან შეთანხმებით, ადრეული განვითარების ცენტრში ან/და საბავშვო ბაღში ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე;
-
ბავშვის ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა პატივისცემით ეპყრობა თითოეული ოჯახის კულტურულ თავისებურებებს, ენას, ღირებულებებს, დამოკიდებულებებს, ეკონომიკურ სტატუსს და პრობლემებთან გამკლავების საკუთარ გზებს;
-
ბავშვის ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ეხმარება მშობლებს და ბავშვებს სხვა მიზნობრივ პროგრამაში გადასვლაში, რომელიც გულისხმობს სამიდან შვიდ წლამდე ბავშვებისთვის სხვა ინკლუზიური მომსახურების მიწოდებას. კვლევები აჩვენებს, რომ ყველა ბავშვი უკეთ სწავლობს თამაშით იმ თანატოლების გარემოცვაში, რომელთაც ასაკისთვის შესაფერისად აქვთ განვითარებული ყველა უნარი.
გაგაცნობთ რამდენიმე თქვენი კოლეგის მოსაზრებას ადრეული განვითარების ხელშეწყობის მომსახურების შესახებ
- ყველა ბავშვს აქვს უფლება განვითარდეს, ჰყავდეს მეგობრები, ისწავლოს თანატოლებთან ერთად, რაშიც ეფექტურად ეხმარება ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისი
ნესტან აბდუშელიშვილი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.
- ადრეული დიაგნოსტიკა და ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისი ეხმარება ბავშვის პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმალურ განვითარებას და გამოვლენას
- ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა საუკეთესო სერვისია ბავშვის ჰარმონიული განვითარებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პრევენციისთვის
- ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობა გამოავლენს ბავშვის უნიკალურობას და ინდივიდუალურ საჭიროებებს, საუკეთესო საშუალებაა ბავშვების კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
ჩამოსატვირთი ვერსია იხილეთ ქვემოთ
განმავითარებელი თამაში
რა არის თამაში და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის
ბავშვის ჰარმონიული ზრდა-განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თამაშს ადრეულ ასაკში. ბავშვობის ასაკის ძირითადი საქმიანობა თამაშია, რომელიც პატარებისთვის სწავლების ერთადერთი ფორმაა. ადამიანების უმეტესობისთვის სწავლა გულისხმობს სპეციფიური ახალი უნარების შეძენას, მაგ.: ანბანის დამახსოვრებას, დათვლას, წერას და ა.შ. მათ ხშირად მიაჩნიათ, რომ თამაში მხოლოდ გართობისთვის არის და არ გულისხმობს სწავლას. თუმცა, კვლევების თანახმად, ბავშვები სწორედ თამაშით სწავლობენ. ისინი თამაშისას ავლენენ და ავითარებენ უმნიშვნელოვანეს უნარებს - აღმოჩენის, ფანტაზიის და დასკვნების გამოტანის კუთხით. თამაშის პროცესი ბავშვისთვის სასიამოვნო და საინტერესოა, რადგან მას ბედნიერსა და ხალისიანს ხდის - „ბედნიერი ტვინი კი უკეთესად მუშაობს“- ეს არის ბავშვის განვითარების ფუნდამენტური პრინციპი. სიამოვნების მიღებასთან ერთად, თამაში ამზადებს ბავშვს მომავალი ცხოვრებისათვის, მისი მეშვეობით ბავშვი ივითარებს სხვადასხვა ასაკობრივ უნარს განვითარების ყველა სფეროში და ადაპტირდება გარემოსთან.
თამაშის ტიპი, რომელშიც ბავშვები ჩართულები არიან, მიზანმიმართულად იცვლება ჩვილობიდან მოზარდობამდე. მნიშვნელოვანია, ზრდასრულებმა იცოდნენ, თუ როგორ „მუშაობს“ თამაში, რატომ არის ის აუცილებელი და როგორ შევქმნათ თამაშით განვითარების შესაძლებლობები ბავშვებისათვის.
თუ დააკვირდებით ბავშვს თამაშისას, შენიშნავნთ, რომ ის მთელი არსებით არის თავის „საქმიანობაში“ ჩართული, გამოხატავს სხვადასხვა სახის ემოციას, იღიმის, ღიღინებს, კონცენტრირებუია და რაც უფრო სასიამოვნოა პროცესი, მით უფრო დიდხანს თამაშობს ბავშვი. უფროსებმა მნიშვნელოვანია უზრუნველყონ თამაშისა და კვლევისთვის თავისუფალი სივრცე და უსაფრთხოება.
უფროსის მიერ ბავშვის თამაშში ჩართულობა
ზრდასრულის მონაწილეობა ბავშვის თამაშში, პირველ რიგში, უნდა გულისხმობდეს პოზიტიურ ინტერაქციას, ბავშვის ემოციური კეთილდღეობის ხელშეწყობას, შემდეგ ეტაპზე კი კრეატიულობისა და პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობების წახალისებას და დახმარებას ახალი აღმოჩენების გაკეთებისა და სიახლეების გაგების პროცესში.
მშობელმა მნიშვნელოვანია, დაიცვას ბავშვის კომფორტის შესაბამისი ფიზიკური დისტანცია, მოთავსდეს ბავშვის თვალის სიმაღლეზე, რომ ადვილად შეძლოს მზერითი კომუნიკაციის დამყარება. მნიშვნელოვანია, რომ უფროსმა უზრუნველყოს, შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც ბავშვი თავისუფალად გამოიკვლევს საგანს, ნაცვლად იმისა, რომ მშობელმა მიუთითოს როგორ გამოიყენოს კონკრეტული სათამაშო.
გთავაზობთ ზრდასრულის მიერ ბავშვის თამაშში ჩართულობისა და განვითარების 5 ძირითად საფეხურს:
-
თავდაპირველად დააკვირდით ბავშვის თამაშს, როგორ იწყებს ის ურთიერთობას სათამაშოსთან, მიეცით, ბავშვს საშუალება თავისუფლად გამოიკვლიოს სათამაშო/საგანი
-
გაახმოვანეთ ბავშვის მოქმედებები, იყავით ემოციურად ჩართული ამ პროცესში, გამოხატეთ აღტაცება ბავშვის ქცევის მიმართ
-
გაიმეორეთ ბავშვის მოქმედებები- ითამაშეთ ისე, როგორც თამაშობს ბავშვი
-
ნელ-ნელა გაამრავალფეროვნეთ ბავშვის თამაში, მასში ახალი იდეების შეტანით, მთავარია შეინარჩუნოთ ძირითადი აზრი, რომელიც ამ თამაშში ბავშვმა ჩადო, დაელოდეთ ბავშვის რეაგირებას. ამ ეტაპზე რაც შეიძლება შემოქმედებითად მიუდექით პროცესს. მაგ.: თუკი ბავშვი აძინებს და არწევს, მშობელმა შეიძლება შესთავაზოს ბავშვს, დააფარონ სათამაშოს საბანი.
-
დაასრულეთ თამაში, როდესაც ბავშვი მიგანიშნებთ, რომ სხვა სათამაშოთი ან საქმიანობით სურს დაკავდეს, უთხარით, რომ ეს თამაში დასრულდა და შესთავაზეთ ერთად შეინახოთ სათამაშოები თავის ადგილას.
ასაკის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს მოწყობა თამაშისთვის
ბავშვისთვის კვლევისა და თამაშის შესაძლებლობის მიცემა ნიშნავს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას და შესაბამისი რესურსით მომარაგებას:
-
სათამაშოები უნდა იყოს ბავშვის ასაკის, განვითარების და ინტერესის შესაბამისი. მაგალითად, 5 წლის ბავშვს აღარ უნდა ჰქონდეს ჟღარუნა სათამაშოები ან ჩვილის ასაკის წიგნები. ბიჭსაც უნდა ჰქონდეს სათამაშოებში თოჯინა და ჭურჭელი, რომ ისწავლოს ფუნქციური თამაში და სოციალური ზრუნვა, ხოლო გოგონას მანქანა და ხელსაწყოები,
-
სათამაშოები უნდა იყოს ფერადი და ნათელი,
-
სათამაშოები უნდა იყოს უსაფრთხო და გამძლე,
-
მცირე ასაკის ბავშვების სათამაშოები არ უნდა შეიცავდეს წვრილ ნაწილაკებს, რაც შეიძლება ბავშვმა გადაყლაპოს.
-
ბავშვისთვის, განსაკუთრებით 0- 5 წლამდე ასაკში, მნიშვნელოვანია, განვითარების შესაბამისი და უსაფრთხო სათამაშოები მოთავსებული იყოს სახლის რომელიმე კუთხეში. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ბავშვს საკუთარი ოთახი, აუცილებელია, მისთვის სივრცის გამოყოფა ან სათამაშო ზონის შექმნა სახლში.
-
სასურველია, არ ვუცვლიდეთ სათამაშოებს ადგილს. ბავშვმა უნდა იცოდეს სადაა მისი სათამაშო სივრცე. ეს არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია სათამაშოების სხვა ადგილზე გადატანა, თუმცა უნდა იცოდეს, სად დააბრუნოს სათამაშოები თამაშის დასრულების შემდეგ.
-
აუცილებელია, სათამაშოები რაიმე პრინციპით იყოს განლაგებული სხვადასხვაა სათავსოში ფუნქციების შესაბამისად (მაგალითად: ფანქრები, კუბიკები, ბურთები, ჭურჭელი, ექიმის ინვენტარი)
-
არ არის სასურველი, ბავშვს ერთდროულად ბევრი სათამაშო ჰქონდეს, ეს მას თამაშთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში უშლის ხელს. სასურველია, სათამაშოების სხვადასხვა კატეგორიიდან ბავშვს ჰქონდეს 5-7 სათამაშო (მაგ: მანქანა, ქსილოფონი, ცხოველები, ჭურჭელი, 2 წიგნი...) დანარჩენი სათამაშოები, უმჯობესია, შევინახოთ ბავშვისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას და ყოველ 2-3 კვირაში ვცვალოთ
-
სასურველია, ყოველ 6 თვეში ან მაქსიმუმ 1 წელში სათამაშოები განახლდეს, დროდადრო გადაყარეთ ყველა გატეხილი, ნაწილებ დაკარგული ან „უსარგებლო“ სათამაშო.
განმავითარებელი თამაშის ეტაპები:
განმავითარებელი თამაში 4 ძირითადი ეტაპისაგან შედგება და პირამიდის სახითაა წარმოდგენილი. თამაშის განვითარების ეტაპები დამოკიდებულია ერთმანეთზე. ყოველი მომდევნო ეტაპის განვითარებას განსაზღვრავს წინა ეტაპის წარმატებით გავლა.
თუ ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებს ჰქონდეთ შემოქმედებითი აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი, კარგად უნდა გავიაზროთ განმავითარებელი თამაშის ყოველი ეტაპის მნიშვნელობა. თუ ბავშვს ჯერ კიდევ არ მიუღწევია მისი ასაკის შესაბამის ეტაპამდე, უნდა ვნახოთ, რომელ საფეხურზეა დეფიციტი და შევავსოთ შესაბამისი შრეები.
4. მაღალი დონის თამაში: სოციალური, სიმბოლური, როლური, წესებიანი და "ვითომ-ვითომ" თამაში
3. ორგანიზებული, მნიშვნელობის მიმცემი თამაში
2. შემოქმედებითი კვლევისა და აღმოჩენის თამაში: არეულობა, მოძრაობა, ჩართულობა
1. სენსორულ-სხეულებრივი თამაში და უსაფრთხო მიჯაჭვულობის განმავითარებელი თამაში
თამაშის I ეტაპი - სენსორულ-სხეულებრივი და უსაფრთხო მიჯაჭვულობის განმავითარებელი თამაში
ეტაპისათვის დამახასიათებელია:
ამ ეტაპზე მყოფი ბავშვები აქტიურად იკვლევენ გარემოს შეგრძნებების მიღებისა და გადაადგილების საშუალებით. გარემოზე დაკვირვებით პატარები იღებენ ინფორმაციას სივრცის, მანძილისა და საგნების მახასიათებლების შესახებ. სხვადასხვა შეგრძნებების გააქტიურება ეხმარება ბავშვს ყურადღების კონცენტრირებაში და ქმნის საფუძველს სწავლისათვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებისთვის. ხელში ჭერითა და რწევით ბავშვები შეიგრძნობენ თავიანთ სხეულს სივრცეში. სხეულით კონტაქტი და დარეგულირებული შეგრძნებები აძლევს ბავშვს დაცულობის განცდას და ავითარებს უსაფრთხო მიჯაჭვულობას, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური კეთილდღეობისთვის.
განვითარების სტრატეგიები მომვლელის მხრიდან:
-
წაახალისეთ კომუნიკაცია, ცვალეთ ხმის ინტონაცია, სახის გამომეტყველება, უპასუხეთ ბავშვის ღუღუნსა და სხვადასხვაგვარ ხმებს ისე, თითქოს, ეს დიალოგი იყოს თქვენს შორის
-
გაუღიმეთ ხშირად, დააკავშირეთ ახალი გამოცდილება სიამოვნებასთან
-
ბავშვისთვის მნიშვნელოვანია მშობელთან ფიზიკური სიახლოვე, ამიტომ ხშირად აიყვანეთ ხელში, მიეცით მის სხეულს სხვადასხვა სივრცეში ყოფნის გამოცდილება, დაიწვინეთ გულზე, პერიოდულად დააწვინეთ შედარებით მყარ ზედაპირზე მუცლით (მატრასი ან საბავშვო ხალიჩის ზედაპირი), აიყვანეთ და მიიხუტეთ მკერდზე ხშირად, ხელის ნაზი და რიტმული მოძრაობით, გაუკეთეთ მსუბუქი მასაჟი და ა.შ.
-
პირველ თვეებში თავის დაჭერისა და ხელებზე დაყრდნობის უნრების გასაუმჯობესებლად, ბავშვის სიფხიზლისას, დროდადრო მისი მუცელზე დაწვენა და ასე თამაშია მნიშვნელოვანი, შემდეგ თვეებში კი, დამოუკიდებლად ჯდომისა და ხოხვის წასახალისებლად, იატაკზე თამაშის დრო ხდება ძალიან მნიშვნელოვანი
-
ეთამაშეთ სარკესთან, მიიღეთ სასაცილო სახეები და დაელოდეთ ბავშვმაც გაიმეოროს იგივე
-
გამოიყენეთ მუსიკალური ხმა და ძილისპირულის რიტმი ბავშვთან ურთიერთობისას
-
მიაწოდეთ ისეთი სათამაშოები, რაც უსაფრთხოა პირში ჩასადებად
-
სხვადასხვა ტექსტურის საგნებთან შეხება, როგორიცაა მეტალი, ბუმბული, თიხა, ქაფი ავითარებს შეგრძნებებს. შესთავაზეთ სხვადასხვა ზომის, ფერის და ფორმის საგნები, რომ ბავშვი მიწვდეს და ჩაეჭიდოს მათ
-
წაუკითხეთ მარტივი წიგნები, აღუწერეთ ნახატები, გაუხმოვანეთ სხვადასხვა ხმები: ცხოველების, ტრანსპორტის და გარემოში არსებული სხვა ხმები - რათა მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მათ შესახებ
-
ეთამაშეთ „ჭი-ტა“, “ მოვიდა-მოვიდა, წაახალისეთ ბავშვი, რომ იპოვოს ნაჭრის ქვეშ დამალული საგანი
-
ემოციური რეგულაციისთვის, შესთავაზეთ საშუალო ზომის რბილ სათამაშოებთან „ჩახუტება“ და ძილი
-
მყარი ავეჯი, ბურთები, სათამაშოები და ყუთები - საგნები ეხმარება ბავშვს ცოცვის, დგომისა და სიარულის განვითარებაში.
თამაშის ეტაპი II - შემოქმედებითი კვლევა და აღმოჩენა: არეულობა, მოძრაობა, ჩართულობა
ეტაპისათვის დამახასიათებელია:
ამ ეტაპზე ბავშვები კიდევ უფრო აქტიურად იკვლევენ გარემოს, მეტად დამოუკიდებლები ხდებიან ფიზიკურად და უკვე სივრცეში გადაადგილების საშუალებით იწყებენ არსებული სამყაროს კვლევას. ბავშვები მიზანმიმართულად ამოძრვებენ სათამაშოებს, რათა გამოიწვიონ ხმა, იატაკზე ხოხავენ იმისათვის, რომ მიწვდნენ სასურველ სათამაშოს, ინტერესდებიან სათამაშოებით, რომლებიც მარტივი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენაში ეხამრება. ბავშვებს უჩნდებათ მათ გარშემო არსებულ ადამიანებსა და საგნებზე ზემოქმედების მოხდენის უნარი: შეუძლიათ ისროლონ სათამაშოები, ღიმილითა და ჟესტებით გამოიწვიონ უფროსი სათამაშოდ, დაითხვარონ საჭმლით,, მოსინჯონ როგორ ხმებს გამოსცემს სამზარეულოს ჯამ-ჭურჭელი და ა.შ. ასევე, ბავშვები სწავლობენ საგნების ფუნქციურ მახასიათებლებს, უვითარდებათ კრეატიულობა.
განვითარების სტრატეგიები მომვლელის მხრიდან:
-
შესთავაზეთ სათამაშოები, რომელთა ამუშავება შეგვიძლია ზონარის გამოქაჩვით, ღილაკების ტრიალით ან თითის დაჭერით
-
მიეცით საშუალება დაითხვაროს, აძვრეს, დასუნოს. გაუხმოვანეთ ის შეგრძნებები, რასაც ბავშვი იღებს სხვადასხვა სათამაშოსთან და საგანთან ურთიერთობით
-
გამოხატეთ ინტერესი და აღფრთოვანება ბავშვის აღმოჩენების საპასუხოდ
-
აგრძნობინეთ, რომ გესმით მის მიერ ნათქვამი სიტყვები, როგორც არ უნდა ცდილობდეს ის გამოთქმას, მიეცით დრო გამოხატოს საკუთარი აზრი
-
შესთვაზეთ სათამაშო ცომი, თიხა და საღებავები, ქვიშა და წყალი, როგორც სენსორული გამოცდილების მიღების საშუალება
-
წაახალისეთ სათამაშო კუბების ერთმანეთზე დაწყობა და შემდეგ აშენებულის დანგრევა
-
ხელი შეუწყვეთ ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებას: შესთვაზეთ ბუშტები, ბურთები, ბალიშები, გასაძრომი რგოლები, კონტეინერები სათამაშოების გადმოსაყრელად და ჩასაყრელად, დიდი ყუთები ჩასაძრომად, თოკები და სხვა მსგავსი საგნები, შესთვაზეთ, სხვადასხვა რიტმული მოძრაობების გამეორება , მუსიკის ფონზე
თამაშის III ეტაპი - ორგანიზებული, მნიშვნელობის მიმცემი თამაში
ეტაპისათვის დამახასიათებელია:
ამ ეტაპზე ბავშვებს უჩნდებათ სურვილი თავი მოაწონონ ზრდასრულებს და გავდნენ კიდეც მათ, ამიტომ აქტიურად ცდილობენ მიბაძონ „დიდებს“ და საკუთარ შესაძლებლობებში დასარწმუნებლად „ეხმარებიან“ მათ ისეთ ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორიცაა საჭმლის მომზადება, დალაგება, საყიდლებზე წასვლა და ა.შ. ამ ეტაპზე ბავშვებს შეუძლიათ რაიმე ნიშნის მიხედვით საგნებისა და სათამაშოების დაჯგუფება, თანმიმდევრობით დალაგება, შედარება და დახარისხება, იწყებენ ხატვას და საკუთარი იდეების სიმბოლურ წარმოდგენას. ასევე, დამახასიათებელია განმეორებითობა: თამაშობენ ერთსა და იმავე თამაშს, ან განმეორებით უყურებენ ერთსა და იმავე ანიმაციას, რადგან თანმიმდევრობა, განმეორებითობა, სტრუქტურა და „აზრის“ მიცემა მათთვის, ამ ეტაზე, მნიშვნელოვანია. ამ დროს ვითარდება ორგანიზებულობის, დაგეგმვის და პრობლემის გადაჭრის უნარებიც.
განვითარების სტრატეგიები მომვლელის მხრიდან:
-
ჩართეთ და დაიხმარეთ ყოველდღიურ საქმიანობაში, მიეცით საშუალება იყოს „დიდი“, შესთვაზეთ სხვადასხვა ზომის კოლოფები, ხის კოვზები, ჯოხები, ქვაბები და ძველი ტანსაცმელი
-
შეურჩიეთ მარტივი ფაზლები, ლეგოები და საბავშვო დომინოს მსგავსი სათამაშოები
-
საძერწი ცომითა და თიხით თამაში უკვე მიზანმიმართული აქტივობაა და არა მხოლოდ სენსორული სტიმულაციის წყარო, ამიტომ ძერწეთ სხვადასხვა საგნები
-
სათამაშო კონსტრუქტორების გამოყენებით, ააშენეთ კოშკები და ხიდები
-
თამაშისას სთხოვეთ, მოგაწოდოთ ისეთივე ცხოველი, კუბიკი და სხვა, როგორსაც აჩვენებთ. მიეცით საშუალება ბავშვს დააჯგუფოს საგნები და სათამაშოები რაიმე ნიშნის მიხედვით, დაალაგოს თანმიმდევრობით, შეადაროს და დაახარისხოს ნივთები
-
შესთვაზეთ სათამაშოები, რომლის გამოყენებითაც ითამაშებენ იმას, რასაც ყოველდღიურობაში საკუთარ თავზე ცდიან, მაგ.: აძინებს ან აჭმევს თოჯინას, აბანავებს ან სიცხეს უზომავს დათუნიას და ა.შ.
-
შექმენით პატარა გამოწვევები თამაშისას, მაგ.: ფაზლის აწყობისას არასწორად მიაწოდეთ ნაწილი, ზოგჯერ იმოქმედეთ შეცდომით, გააკეთეთ რაიმე არასწორად, მაგ.: სცადეთ პირამიდის რგოლების არასწორი თანმიმდევრობით აცმა და მიეცით ბავშვს საშუალება თქვენი შეცდომა გამოასწოროს, ეს დაეხმარება მას თანმიმდევრულობისა და ორგანიზებულობის უნარის განვითარებაში
-
არ შესთავაზოთ მზა იდეები პრობლემის მოსაგვარებლად; წაახალისეთ ბავშვი დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემა, აცადეთ, რომ მოიფიქროს უფრო ეფექტური გზა სასურველი მიზნის მისაღწევად
-
აუცილებლობის შემთხვევაში, დაუსვით შეკითხვები, რომელიც დაეხმარება გამოსავლის მოძიებაში, მაგ.: რაზე დავდგეთ, რომ კარადიდან სათამაშო ჩამოვიღოთ?
- წაახალისეთ თანმიმდევრულობა თამაშისას, მაგ.: რომელი კუბიკი დავდოთ ჯერ კოშკის ასაშენებლად? რა დაგვჭირდება იმისათვის რომ დავხატოთ/გამოვძერწოთ?
თამაშის IV ეტაპი - მაღალი დონის თამაში: სოციალური, წარმოსახვითი, როლურ - სიუჟეტური და წესებიანი თამაში
ეტაპისათვის დამახასიათებელია:
ამ ეტაპზე ბავშვები ავითარებენ თავიანთ სოციალურ და ემოციურ უნარებს უფრო ფართო სოციალურ წრეში, მათ შორის, სხვა ზრდასრულებთან და ბავშვებთან ურთიერთობით. გაზრდილი ლექსიკური მარაგის, ფიქრისა და დაგეგმვის უნარის დახმარებით, მათ მეტად შეუძლიათ დალოდება, უვითარდებათ სხვების აზრის გათვალისწინების უნარი, იღებენ „გადაწყვეტლებებს“ სხვებთან ერთად. თამაშის განვითარების ამ ეტაპზე ბავშვებისთვის დამახასიათებელია წარმოსახვის განვითარება, მათ შეუძლიათ მოიგონონ ისტორია, წარმოიდგინონ და იფიქრონ „რა იქნება თუ...“ უვითარდებათ წარმოდგენები სხვადასხვა როლისა და ცხოვრებისეული მოვლენის შესახებ, შეუძლიათ პრობლემის კომპლექსური გადაწყვეტა, იწყებენ წესების გაგებას, შეუძლიათ გუნდურად თამაში, ურთიერთობა და სწავლა.
განვითარების სტრატეგიები მომვლელის მხრიდან:
-
ხელი შეუწყეთ წარმოსახვითი და როლურ-სიუჟეტური თამაშის განვითრებას, როგორიცაა ექიმობანა, პოლიციელობანა და ა.შ. ჩაერთეთ დრამაში, რომელიც ბავშვმა წამოიწყო. გახდით რომელიმე გმირი და განასახიერეთ ის. გამოდით მშობლის როლიდან და შედით თქვენს მიერ გასასახიერებელი გმირის როლში
-
წარმოსახვით თამაშში შექმენით მოულოდნელი სიტუაციები, იმისათვის რომ გამოიწვიოთ ბავშვის კრეატიულობა და უბიძგოთ ახალი გადაწყვეტილებებისკენ; წარმოსახვითი თამაშისას ასევე შეგიძლიათ, შეიტანოთ კონფლიქტური სიტუაციის ელემენტებიც, რათა ბავშვს დაეხმაროთ კონფლიქტის გადაჭრის გზების მოძიებაში; თამაშისას გამოიყენეთ იუმორი და იდიომატური (გადატანითი მნიშვნელობის მქონე) ფრაზები, დაეხმარეთ ბავშვს მათი მნიშვნელობის გააზრებაში.
-
წაახალისეთ ბავშვი გააგრძელოს ამბავი ღია ტიპის კითხვების, - „რატომ?“ „როგორ?“, „საიდან?“, „რისთვის?“ - დასმის მეშვეობით.
-
წაახალისეთ ბავშვი ისაუბროს განცდებზე/გრძნობებზე, როგორც წარმოსახვითი თამაშისას, ისე ჩვეულებრივი საუბრისა და მსჯელობისას.
-
გამოიწვიეთ ბავშვი, რომ ივარაუდოს სხვისი ქცევის მიზეზი, მოტივი ან ემოცია - „რატომ ვერ მიხვდა სალი თოჯინა მარიმ რომ აიღო?“, „როგორ იგრძნო სალიმ თავი, როდესაც მარიმ სათამაშო წაართვა?“, „როგორ გრძნობს თავს მარი?“
-
წაახალისეთ გამოხატოს საკუთარი შეხედულება („რომელი ფერი მოგწონს ყველაზე მეტად და რატომ? ნაცვლად იმისა, რომ კითხოთ „რომელი ფერია ეს?“)
-
მოელაპარაკეთ ბავშვებს, წაახალისეთ არგუმენტირებული დებატები, ნაცვლად იმისა, რომ წესების ბრმად მორჩილება მოსთხოვოთ (თუმცა, გვახსოვდეს ისიც, რომ ზოგიერთი წესი აუცილებლად დასაცავია და განხილვებს არ ექვემდებარება)
გამოყენებული ლიტერატურა:
-
“Floortime: tuning in to each child” by Stanley I. Greenspan, Sara Wilford, Sheila Hanna, Scholastic Inc., 1990
-
“The Right Stuff for Children Birth to 8: Selecting Play Materials to Support Development” by Martha
რა არის ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა?
ინფორმაცია სოციალური მუშაკებისთვის
ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ადრეულ ასაკში ფასდაუდებელია და უმოკლეს დროში იძლევა მნიშვნელოვან შედეგებს. იმ პროგრესს, რასაც ბავშვი სწორი მუშაობით აღწევს 3 წლამდე ასაკში, შესაძლებელია ორჯერ, ან სამჯერ მეტი დრო დასჭირდეს შემდეგ წლებში. ამასთანავე, მშობლები, რომელთა შვილს გამოუვლინდა გარკვეული სახის სირთულეები, საწყის ეტაპზე არიან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან მოულოდნელად დაატყდათ თავს რთული სიტუაცია და არ იციან რა გააკეთონ, ვის მიმართონ და როგორ იმოქმედონ საკუთარი შვილის საკეთილდღეოდ. თავს იჩენს შიში, სტიგმა, გაურკვევლობა და დაბნეულობა, რაც უარყოფითად აისახება თავად ბავშვზეც. ამდენად, ბავშვისა და ოჯახის საჭიროებების დროული გამოკვეთა და შესაბამის მომსახურებაში გადამისამართება ერთ-ერთი უპირველესი მიზანი უნდა იყოს ბავშვებთან მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის.
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვთა განვითარება ადრეულ ასაკში ძალზედ მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარკვეული შეზღუდვების, ან რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების მხარდაჭერა ადრეულ ასაკში, რათა მაქსიმალურად იქნას წახალისებული ბავშვის განვითარება და შეზღუდვის ჩამოყალიბების პრევენცია.
ბავშვის ადრეული განვითარების მნიშვნელობა ბიოლოგიური კუთხითაც დასტურდება, რამდენადაც თავის ტვინის განვითარების და ჩამოყალიბების საკვანძო პროცესები, სწორედ ადრეულ ასაკში ხდება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ადრეულ ასაკში მიღებული გამოცდილება გავლენას ახდენს ბავშვის შემდგომ კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე: ბავშვზე ორიენტირებული გარემო, მოსიყვარულე მშობლები, უსაფრთხო მიჯაჭვულობა, თამაშის შესაძლებლობა - ეს არის იმ გამოცდილებათა მოკლე ჩამონათვალი, რომელიც ბავშვის სწორ განვითარებას უწყობს ხელს. თუმცა, სამწუხაროდ ყველა მშობელსა და ოჯახს არ აქვს საშუალება, უნარი ან ცოდნა, რომ ამგვარი პოზიტიური გამოცდილებებით გაამდიდროს შვილის ცხოვრება. აი აქ ჩნდება ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის როლი და საჭიროება.
ვინაიდან, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე, სწავლის უნარზე, ჯანმრთელობაზე, ემოციურ კეთილდღეობაზე, თანასწორობასა და სოციალიზაციის ხარისხზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, იგი მოქმედებს თაობების ზოგად კეთილდღეობასა და ჯანსაღ საზოგადოების ფორმირებაზე. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი პროგრამა 2013 წლიდან სახელმწიფო პროგრამას წარმოადგენს და ფინანსდება მატერიალიზებული ვაუჩერით.
რა არის ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა?
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა არის „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიება, რომლის მიზანია ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების და მიტოვების პრევენცია.
ადრეული განვითარების ხელშემწყობი პროგრამა მოიცავს დაბადებიდან სამ წლამდე და საჭიროების შემთხვევაში, შვიდ წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების და მათი ოჯახების შეფასებას, მომსახურების დაგეგმვასა და მიწოდებას ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში.
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი პროგრამის მიზნებია:
-
მშობლების განათლება და გაძლიერება ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში
-
ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა და სტიმულირება
-
განვითარების შეფერხების პრევენცია
-
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ბავშვის ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა
-
მიტოვების პრევენცია
სამიზნე ჯგუფი
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი პროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომლებსაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა, ან ამ მხრივ, რისკი, რომელიც გამოვლენილია პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ. ICD-10-ის დიაგნოზების ჩამონათვალი, რომლის საფუძველზე ხდება ბავშვის ჩარიცხვა ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობ პროგრამაში, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ერთ-ერთი დიაგნოზი, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება ამ ასაკის ბავშვებში და საჭიროებს სპეციალისტების ჩართულობას, არის განვითარების ეტაპების დაყოვნება, რაც გულისხმობს ადაპტური ქცევის პრობლემებს და განვითარების სირთულეებს ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროებში:
-
მსხვილი და ნატიფი მოტორიკა
-
კომუნიკაცია და მეტყველება
-
სოციალურ-ემოციური განვითარება
-
კოგნიტური განვითარება
მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, სასარგებლო და საჭიროა არა მხოლოდ გარკვეული დიაგნოზის, შეზღუდვის, ან მკვეთრად გამოხატული რისკის მქონე ბავშვებისთვის. აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები, ასევე შეიძლება იყვნენ სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ოჯახის ბავშვები, მაგალითად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და ა. შ. ამდენად, უმნიშვნელოვანესია, სოციალურმა მუშაკებმა ყურადღებით შეაფასონ ის ბენეფიციარები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მიმართავენ მათ და/ან უკვე სარგებლობენ სხვა მომსახურებებით (მაგ.: მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვები, რეინტეგრაციის პროგრამით მოსარგებლე ოჯახის ბავშვები, სოციალური შემწეობით მოსარგებლე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, საკვები ვაუჩერით მოსარგებლე ბავშვები და სხვ.). შესაძლებელია, სხვადასხვა პროგრამით მოსარგებლე ბავშვებმა არა თავიდანვე, არამედ დროთა განმავლობაში გამოამჟღავნონ განვითარების სირთულეები და ამდენად, მნიშვნელოვანია, სოციალური მუშაკი ყურადღებით აკვირდებოდეს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ, ნებისმიერი პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს. ბავშვები, რომლებიც ზემოხსენებული მოწყვლადი ოჯახებიდან არიან, ან სახელმწიფო მზრუნველობაში იმყოფებიან, მინიმალური ნიშნების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საჭიროა გადამისამართებულ იქნან სპეციალისტის შეფასებაზე, ე.წ. სკრინინგზე, რომლის საშუალებითაც გამოიკვეთება ადრეული განვითარების ხელშემწყობ პროგრამაში ჩართვის საჭიროება. „სკრინინგი“, ანუ პროცესი, რომლის საშუალებითაც ხდება ბავშვის შეფასება და ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის საჭიროების გამოკვეთა, ხორციელდება სხვადასხვა სპეციალიზირებული და ამ მიმართულებით კომპეტენციების მქონე ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ. ორგანიზაციების/ინსტიტუტების ჩამონათვალი, სადაც ხდება, ე.წ. სკრინინგის ჩატარება, მოცემულია ვებ გვერდზე www.adreuli.ge. თუმცა, შესაძლებელია, ბავშვის შეფასება და მისთვის დიაგნოზის დასმა ამგვარი სკრინინგის გარეშეც განხორციელდეს ბავშვთა ნევროლოგის, ბავშვთა ფსიქიატრის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში არ ხდება მუშაობა მხოლოდ ბავშვთან, სამიზნე ჯგუფია მთელი ოჯახი. სწორედ მშობლებისა და ბავშვის მიკრო გარემოს გაძლიერებას ისახავს მიზნად ეს პროგრამა, რაც თავის თავში მოიცავს მშობლების ფსიქო-განათლებას, მათი ემოციური სტაბილურობის ხელშეწყობას, ბავშვსა და მშობლებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება/გაძლიერებას. ამდენად, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი პროგრამა, თამამად შეგვიძლია მივაკუთვნოთ ოჯახის გაძლიერებისკენ მიმართულ, პრევენციულ პროგრამას, რომელიც ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვისთვის, ისე მისი მშობლებისა და მთელი ოჯახისთვის.
სოციალური მუშაკის განსაკუთრებული როლი
ბავშვის უფლებათა კოდექსში მკაფიოდ არის მითითებული, რომ ბავშვების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მშობლებთან ერთად, სახელმწიფოს ვალდებულებაა. ამასვე დეკლარირებს ბავშვის უფლებათა კონვენცია. სახელმწიფოს ვალდებულებაა დაეხმაროს მშობელს, უზრუნველყოს შვილებზე სათანადო ზრუნვა; ხოლო, თუ მშობელს, რაიმე მიზეზით, არ ძალუძს შეასრულოს მშობლის მოვალეობები, სახელმწიფო ვალდებულია გააძლიეროს მშობელი, შესთავაზოს რა მის საჭიროებებზე მორგებული მომსახურებები. რიგ შემთხვევებში, როცა მშობლის გაძლიერება მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია, სახელმწიფომ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ბავშვის ზრუნვაზე, რათა დაცული იქნას ბავშვის უფლებები და კეთილდღეობა.
სახელმწიფო სტრუქტურაში, ამ შემთხვევაში კი, კონკრეტულად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფარგლებში დასაქმებული სოციალური მუშაკები, არიან სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლები ბავშვის უფლებათა დაცვის კონტექსტში. ამდენად, სახელმწიფო სოციალური მუშაკები, არიან მთავარი აქტორები ბავშვთა კეთილდღეობის დაცვის სახელმწიფო სისტემაში. მათ მიერ იდენტიფიცირებული და დროულად რეაგირებული შემთხვევები არის კონკრეტული ბავშვის და ზოგადად, უკეთესი მომავლის გარანტი, ვინაიდან ეს პროგრამა ოჯახის გაძლიერებაზეა მიმართული და პრევენციული ინტერვენციაა. გარკვეული სირთულეების/შეფერხების გამოკვეთითა და ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობ პროგრამაში ოჯახის დროულად ჩართვით, სოციალური მუშაკები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, ბავშვის მომავლის ფორმირებაში, პროგრამაში დროული ჩართვით, შესაძლებელი ხდება ბავშვის განვითარების შეფერხების თავიდან არიდება, აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენებისა და ბავშვის მიტოვების პრევენცია და ა.შ. მეურვეობა/მზრუნველობის სტრუქტურაში მომუშავე სოციალურ მუშაკებს, ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, როცა საქმე ბავშვის ადრეული განვითარების ხელშემწყობ პროგრამაში ჩართვას ეხება, თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, და ზოგჯერ, გადამწყვეტიც!
მშობლების ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მომსახურების მიწოდებისას. ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი პროგრამის შეთავაზებისას, ან ამ პროგრამაში ჩართვისთვის განაცხადის მიღებისას, სოციალურმა მუშაკმა აუცილებლად უნდა აუხსნას მშობელს რა არის ადრეული განვითარების ხელშემწყობი პროგრამა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი. ამასთანავე, სოციალურმა მუშაკმა უნდა განუმარტოს მშობელს ის პროცედურები, რა პროცედურებიც უნდა გაიაროს ოჯახმა, მომსახურებაში ჩარიცხვისთვის: დოკუმენტაციის მოძიება, წარდგენა, რიგითობის პრინციპები, ვაუჩერის მიღება, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის შერჩევა და შერჩეულ ორგანიზაციაში ვაუჩერის წარდგენის ვადები (ვაუჩერის მიღებიდან მაქსიმუმ 1 თვის ვადაში უნდა მოხდეს მისი წარდგენა მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში, ვინაიდან გააქტიურების გარეშე დარჩენილი ვაუჩერი, 2 თვის თავზე უქმდება.). რა თქმა უნდა, მშობელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თავად ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის შესახებაც (მაგ. ვიზიტების რაოდენობა, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების სია და სხვ.) ამ შემთხვევაშიც, სოციალური მუშაკების როლი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან სწორედ ის უნდა დაეხმაროს მშობელს, გაერკვეს საკითხში და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. გვახსოვდეს, რომ მშობელი, რომლის შვილი საჭიროებს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობ პროგრამაში ჩართვას, არის რთულ სიტუაციაში და მას აუცილებლად ესაჭიროება მხარდაჭერა. რიგ შემთხვევებში, მშობელს შეიძლება ჰქონდეს მაღალი შფოთვა, რაც მის ქცევასა და ემოციებში ვლინდება, თუმცა, სოციალურ მუშაკს ძალუძს დაინახოს ამ ქცევისა და ემოციის მიღმა არსებული საჭიროებები. სოციალური მუშაკები, ფაქტიურად ერთადერთ საინფორმაციო წყაროს წარმოადგენენ მშობლებისთვის, ვინაიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც წესი, არ ხდება მშობლების ინფორმირება, თუ რა პროგრამებში შეიძლება ჩაერთოს ბავშვი და ოჯახი.
როგორ ხდება ბავშვის ჩარიცხვა ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობ პროგრამაში?
ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, სამიზნე ჯგუფის ბავშვის მშობელმა, ან მინდობით აღმზრდელმა, ან ბავშვის სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს სსიპ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. მშობელმა/მინდობით აღმზრდელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა შესაბამის განცხადებას თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
-
პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
-
კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;
-
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
-
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV100/ა) (აღნიშნული ცნობა შესაძლებელია გაცემულ იქნას ნებისმიერი პედიატრის, ნევროლოგის და სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ);
ამასთანავე, მნიშვნელოვანია არ გამოგვრჩეს შემდეგი საკითხი: იმ ბავშვების შემთხვევაში, რომელთაც ყავთ თანდაყოლილი სიყრუის მქონე მშობლები, განაცხადის მიღებისას, დოკუმენტაციას დამატებით უნდა ერთვოდეს კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომლითაც დასტურდება, რომ მშობელი/მშობლები არის/არიან თანდაყოლილი სიყრუის მქონე პირ(ებ)ი.
რიგითობა
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობ პროგრამაში ბენეფიციარის ჩარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო. აღნიშნული ორგანო ამ გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:
-
ბავშვები, რომელთა განცხადებები მომსახურებაში ჩართვის თაობაზე მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოში შემოსულია მიმდინარე წლამდე;
-
რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;
-
მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ადრეული განვითარების მომსახურების მიწოდება;
-
ბავშვები, რომლებიც განცხადების შეტანის დროს ამ მომსახურებით სარგებლობდნენ გასული 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);
-
ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 3 წელს;
-
იმპლანტირებული სასმენი (კოხლეარული) მოწყობილობის მქონე ბავშვები;
-
ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ თანდაყოლილი სიყრუის მქონე მშობლები;
-
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;
-
განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით;
განაცხადისა და დოკუმენტაციის მიღებისა, და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, ბავშვის სახელზე მზადდება ვაუჩერი (12 თვეზე), რომელიც სოციალურმა მუშაკმა უნდა გადასცეს მშობელს. თავის მხრივ, მშობელი ირჩევს ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის მიმწოდებელ ორგანიზაციას და მიაქვს ვაუჩერი ერთ-ერთ, მისთვის სასურველ ორგანიზაციაში. აქედან იწყება ბავშვთან მუშაობა ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში!
მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციათა ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე ან ჩამოსატვირთ ბუკლეტებში: თბილისი, დასავლეთ საქართველო, აღმოსავლეთ საქართველო.
ვიზიტების რაოდენობა და რეგულაციები
მშობლის ინფორმირებისთვის, სოციალურ მუშაკს საჭიროა ქონდეს ინფორმაცია ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ვიზიტების შესახებაც. თვიურად მისაღები მომსახურების რაოდენობა განისაზღვრება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის დადგენილების შესაბამისად: თუ ბავშვი 3 წლამდე ასაკისაა, მაშინ მისთვის განსაზღვრულია 8 ვიზიტის მიღება, ასევეა 3-7 წლამდე ბავშვებთან, რომლებსაც აღენიშნებათ განვითარების შეფერხება სამ ან მეტ სფეროში. მაგრამ თუ ბავშვი 3-დან 7 წლამდეა და აქვს განვითარების შეფერხება ერთ ან ორ (3-ზე ნაკლებ) სფეროში, პროგრამაში ჩართვიდან ერთი წლის განმავლობაში ოჯახს შეუძლია მიიღოს თვიურად 8 ვიზიტი, პროგრამაში ჩართვიდან მეორე წლის განმავლობაში თვიური ვიზიტების რაოდენობა მცირდება 6 ვიზიტამდე, ხოლო მესამე და შემდეგი პერიოდის განმავლობაში იქნება 4 ვიზიტი.
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშემწყობი პროგრამის წარმატების ქვაკუთხედი მდგომარეობს იმაში, რომ მომსახურების მიწოდება ხდება ბავშვის ბუნებრივ გარემოში, კერძოდ, 3 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევებში - სახლში, ხოლო 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, შესაძლებელია საბავშვო ბაღში, სკოლაში, ან იქ სადაც ბავშვი ყველაზე მეტ დროს ატარებს. თუმცა, აქაც, გადაწყვეტილების მიღება, თუ სად არის უპირატესი მომსახურების მიწოდება ხდება ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.
მნიშვნელოვანია სოციალურმა მუშაკმა, მშობელს განუმარტოს, რომ ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას. ამასთანავე, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართვა ხდება ყოველწლიურად, შესაბამისად, ოჯახმა, განაცხადი საჭირო დოკუმენტებთან ერთად, უნდა მიაწოდოს სოციალურ მუშაკს ყოველ წელს. ძალიან კარგია თუ სოციალური მუშაკი შეახსენებს მშობელს, როდის გასდის ვადა და როდის არის საჭირო ახალი განაცხადის წარდგენა შესაბამის ორგანოში. აღნიშნული შეხსენებით თავიდან იქნება აცილებული განაცხადის მიღების დაგვიანება, შესაბამისად, ბავშვი უწყვეტად მიიღებს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მნიშვნელოვან ინტერვენციას.